„ვითიბი ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის სესხებსა და დეპოზიტებსაც გაასხვისებს
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 3 მარტს განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო ბანკის, „ვითიბი ბანკის“ საქართველოს ფილიალი მცირე და საშუალო ბიზნესების დეპოზიტებსა და სესხებს „ლიბერთი ბანკს“ გადასცემს.
სებ-ის ცნობით, მომხმარებლების პორტირებაზე მუშაობა დაწყებულია და მათ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში ეტაპობრივად 3 მარტიდან მოემსახურებიან.
„ლიბერთი ბანკი შესაძლებლობას აძლევს აღნიშნულ პორტფელთან დაკავშირებულ ვითიბი ბანკის თანამშრომლებს გააგრძელონ თავისი საქმიანობა და შემოუერთდნენ ლიბერთის პროფესიონალების გუნდს“, – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა.
„ლიბერთი ბანკი“ სიდიდით მესამე ბანკია საქართველოში „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ შემდეგ. მისი აქტივების ღირებულება 3 მლრდ ლარს (930 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს.
„ვითიბი ბანკს“ პორტფელების გასხვისება მას შემდეგ მოუწია, რაც ეს უკანასკნელი უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე საერთაშორისო სანქციების სამიზნე გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ თავად საქართველო სანქციებს არ შეუერთდა, ეროვნული ბანკი, როგორც კომერციული ბანკების მარეგულირებელი, მოქმედებს „ვითიბი ბანკი ჯორჯიაზე” დაწესებული ფინანსური სანქციების გათვალისწინებით და ამიტომ, ბანკს შეეზღუდა შესაბამის ვალუტაში ტრანზაქციების განხორციელება.
„ვითიბი ბანკმა“ ფიზიკური პირი მეანაბრეებისა და მსესხებლების პორტფელები „ბაზისბანკს“ 28 თებერვალს გადასცა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)