თბილისი გმობს რუსეთთან მიერთებაზე ცხინვალში დაგეგმილ „რეფერენდუმს“

საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს დაგმო რუსეთთან მიერთებაზე ოკუპირებულ ცხინვალში დაგეგმილი „რეფერენდუმი“.

„მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული“, – განაცხადა მან.

„ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება არანაირი იურიდიული ძალა და არ ექნება, მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე არის განდევნილი საკუთარი სახლებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად და მათ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება“, – განაცხადა მან.

ზალკალიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ „ის მძიმე შედეგები,რომელიც ვიხილეთ 2008 წელს, კვლავ იყოს განმეორებული საქართველოში და საქართველო კვლავ იყოს ჩართული პროვოკაციებში“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლების პოლიტიკა მშვიდობიანი დეოკუპაციისკენ არის მიმართული.

„[ჩვენ] ვამბობთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“, – აღნიშნა ზალკალიანმა და დასძინა, რომ „ეს არის ჩვენთვის ის იურიდიული ვალდებულება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს“.

90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, საქართველოში დაახლოებით 270 000-მდე დევნილი ცხოვრობს, მათგან 240 000-მდე აფხაზეთიდან, 30 000-მდე კი – ცხინვალის რეგიონიდან.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ცნობით, ამ მომენტისთვის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაახლოებით 20 000 ადამიანი ცხოვრობს.

მოსკოვმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. დღემდე რუსეთის გარდა, ორივე რეგიონის დამოუკიდებლობა მხოლოდ ვენესუელამ, ნაურუმ, ნიკარაგუამ და სირიამ აღიარეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)