საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციას რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდებაში დახმარებას ედავებიან
საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციას (GERA) რუსეთის საავტორო საზოგადოების (RAO) მიერ რუსეთზე დაკისრებული საერთაშორისო ფინანსური სანქციების თავიდან არიდების დახმარებაში ადანაშაულებენ.
დღეს ოპოზიციური პარტია დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ წერილი გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც, რუსეთის საავტორო საზოგადოება (RAO) სთავაზობს ესტონეთის საავტორო საზოგადოებას (EAU), რომ შესაბამისი ჰონორარები საქართველოს ასოციაციის მეშვეობით გადაურიცხონ. წერილის თანახმად, RAO ამბობს, რომ GERA ჩარიცხვებს რუსულ რუბლში მიიღებს, შემდეგ მათ აშშ დოლარში ან ევროში დააკონვერტირებს და EAU-ს ასე გადაურიცხავს.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ GERA-მ მზადყოფნა გამოთქვა, რომ საკუთრივ ტრანზაქციების ხარჯის გარდა ფინანსურს ოპერაციებს დამატებითი საკომისიო არ დააკისროს.
რუსეთის საავტორო საზოგადოებამ აღნიშნა, რომ მას GERA-სთან ორმხრივი წარმომადგენლობითი შეთანხმება აქვს.
RAO-მ ასევე აღნიშნა, რომ GERA-ს მეშვეობით გადარიცხვების განხორციელება იმ პრობლემებს მოაგვარებს, რომლებიც მას უცხოურ ვალუტაში ჰონორარების კონვერტირების კუთხით აქვს იმ ფონზე, როდესაც რუსულ ბანკებს სანქციები აქვთ დაკისრებული, მოსკოვმა კი – საზღვარგარეთ უცხოურ ვალუტაში გადარიცხვებზე შეზღუდვები შემოიღო.
დოკუმენტი, სავარაუდოდ, RAO-ს საერთაშორისო სამსახურის ხელმძღვანელმა ივან ზადოროჟნიმ მოამზადა.
GERA-ს პასუხი ბრალდებებზე
საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია ბრალდებებს უარყოფს.
20 აპრილს გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ წერილი, რომელზეც ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე ისაუბრა, ასოციაციას არ მიუღია და შესაბამისად, რუსეთის ასოციაციის შემოთავაზებას არ დათანხმებულა და ამას არც მომავალში აპირებს.
ასოციაცია ითხოვს, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ის დოკუმენტი გამოაქვეყნოს, „სადაც ჩანს, რომ ჩვენ ამ შემოთავაზებას დავთანხმდით“.
„ვითხოვთ, შეწყვიტეთ დეზინფორმაციის გავრცელება და ჩვენი ასოციაციის დისკრედიტაცია“, – განაცხადეს ასოციაციაში.
- ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება
- „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ საერთაშორისო სანქციების სამიზნე გახდა
ქართული ოცნების ხელისუფლება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა, თუმცა პირობა დადო, რომ მოსკოვს საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდების შესაძლებლობას არ მისცემდა.
მოგვიანებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც, რუსეთის სახელმწიფო ბანკის, „ვითიბი ბანკის“ საქართველოს ფილიალი აშშ დოლარში, ბრიტანულ ფუნტსა და ევროში ტრანზაქციებს ვეღარ განახორციელებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)