პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ქართული ოცნების მიერ ინიცირებული რადიკალური ცვლილებები ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის 74 დეპუტატმა და სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარტიიდან ევროპელი სოციალისტები. ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედების ვადა ექვსიდან ცხრა თვემდე იზრდება და შესაძლებელი ხდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დამატებით 27 ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით.
შემოთავაზებული ცვლილებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა, შესაძლოა, იმდენჯერ გაგრძელდეს, რამდენჯერაც იარსებებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად საჭირო „შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი“. ცვლილებები ვრცელდება 100 დანაშაულზე, დაწყებული გენოციდით და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულით და რელიგიური რიტუალის განხორციელებაში უკანონო ჩარევით დამთავრებული.
სიაში ასევე შედის ისეთი დანაშაულები, როგორებიცაა – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ოფიციალურ პოლიტიკურ პირებზე თავდასხმა, შეთქმულება ან ამბოხება, რომლის მიზანიც ძალადობის გზით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების შეცვლაა.
ამავე 100 დანაშაულის შემთხვევაში, კანონპროექტი უფლებას აძლებს გამომძიებლებს, რომ იმდენჯერ გადაავადონ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ იმ პირისთვის შეტყობინება, რომლის მიმართაც ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება, რამდენჯერაც ეს აუცილებელი იქნება.
არსებული კანონმდებლობა ავალდებულებდა პროკურატურას, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შესაბამისი პირისთვის ამგვარი ქმედებების ჩატარებიდან არაუგვიანეს 12 თვისა ეცნობებინათ და სასამართლოს ნებართვის შემთხვევაში კიდევ ერთი წლით გაეხანგრძლივებინათ ეს პროცესი.
ამასთან, იმ 27 დანაშაულის სია, რომლებიც ახლა თვალთვალის საშუალებას იძლევა, მოიცავს ისეთ დანაშაულებს, როგორებიცაა – სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება, სახელმწიფო გერბისა და ეროვნული დროშის შეურაცხყოფა, ტერორიზმის ცრუ შეტყობინება, ძალადობის საჯარო წაქეზება, რასობრივი დისკრიმინაცია და სხვ.
არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხმაურება
21 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში, თერთმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველომ“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ და „ღია საზოგადოების ფონდმა“, განაცხადეს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები „არსებითად აუარესებს ადამიანის პირადი ცხოვრების დაცულობის სტანდარტს და შესაძლებელს ხდის საგამოძიებო უწყებების მხრიდან უვადო ფარული მოსმენების განხორციელებას“.
მათ ხაზი გაუსვეს, რომ ცვლილებები „განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, რომ პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევა ისედაც მწვავე პრობლემად რჩება ქვეყანაში“.
„სატელეფონო კომუნიკაციის უკანონო მიყურადების არაერთი ფაქტი კვლავაც გამოუძიებელია, მასიური თვალთვალის თაობაზე კი ბოლოს გასული წლის სექტემბერში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც საუბარია 2013-2021 წლებში სამოქალაქო აქტივისტების, რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, დიპლომატებისა და სხვა პირების კერძო კომუნიკაციების სავარაუდო მასობრივი თვალთვალის პრაქტიკების თაობაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
უფლებადამცველების შეფასებით, ცვლილებების ინიცირებით, ქართული ოცნება მეტ უფლებამოსილებას ანიჭებს სამართალდამცაველ სტრუქტურებს და კიდევ უფრო ზრდის „თვითნებობის და პირად ცხოვრებაში უსაფუძვლო ჩარევის რისკებს“.
ორგანიზაციების თქმით, ბოლო წლების ტენდენცია აჩვენებს იმასაც, რომ ფარული მოსმენები „ხშირ შემთხვევაში გამოიყენება პოლიტიკურ თუ სოციალურ პროცესებზე ზეგავლენის მიზნით, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს უსაფრთხოების სისტემის ინსტრუმენტალიზების პრობლემას“.
ასევე წაიკითხეთ:
- დიპლომატიური კორპუსი „სერიოზულად შეშფოთებულია“ სავარაუდო ფარული მიყურადების გამო
- ევროკავშირის და აშშ-ის დიპლომატების საუბრები სავარაუდო ფარულ ჩანაწერებში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)