ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა 28 ივნისს საქართველოში სამდღიანი ვიზიტი დაიწყეს, სადაც ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საჭირო რეფორმებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს განიხილავენ.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დელეგაციის წევრებს გუშინ შეხვდა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და ორმხრივ საპარლამენტო დიალოგზე ისაუბრეს.
„აღინიშნა, რომ საქართველო წლების განმავლობაში ნატოს სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას გააგრძელებს“, – ნათქვამია პარლამენტის პრესრელიზში.
ნატოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ასამბლეის სხვა წევრებთან ერთად ასევე არიან – თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დირექტორი, ეთან კორბინი და კომიტეტის სხვა წევრები.
In #Tbilisi for a 3-Day visit, #NATOPA Defence & Security Committee engages with parliamentarians and officials. In focus:
☑️Next steps in 🇬🇪 Euro-Atlantic integration,
☑️Need for democratic reforms & political concord
☑️Challenges to 🇬🇪 security. pic.twitter.com/pA34egPtFI— NATO Parliamentary Assembly / AP-OTAN (@natopapress) June 28, 2022
გუშინვე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია და კომიტეტის სხვა წევრები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდნენ.
„მნიშვნელოვანია, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, საქართველოს, მადრიდის სამიტის პარალელურად სტუმრობს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩვენს ქვეყანას ალიანსის დღის წესრიგში“, – განაცხადა ბერაიამ შეხვედრის დროს.
ნატოს საპარლამენტო დელეგაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც ეწვია.
„დელეგაციის წევრებს სიტყვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა მიმართა და ყურადღება ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა“, – ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი საბედაშვილმა სტუმრებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყანაში არსებული ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)