კახა კალაძე „ტელეკომპანია პირველის“ წამყვანს უჩივის
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ადვოკატმა, გიორგი გაბუნიამ 1 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისის მერი „ტელეკომპანია პირველის“ წამყვანს, მაია მამულაშვილს სასამართლოში უჩივის და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ლარს ითხოვს.
სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ კალაძის ადვოკატის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ საქმე ეხება მაია მამულაშვილის მიერ 2022 წლის 5 ივნისს ეთერში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს ,,კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია”.
ადვოკატის განმარტებით ჟურნალისტის მიერ „ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფისა და მორალური ზიანის ანაზღაურების“ სარჩელით კახა კალაძემ სასამართლოს 20 ივნისს მიმართა, თავად მაია მამულაშვილს კი – სასამართლოს უწყება 24 აგვისტოს ჩაბარდა.
გაბუნიას მტკიცებით, ჟურნალისტის განცხადების მიზანი კახა კალაძის „დისკრედიტაცია“ და „მოსახლეობაში რეპუტაციის შელახვა“ იყო. „ეს არის ტყუილი და ცილისწამება, თუ არ იქნება წარმოდგენილი ეს დოკუმენტაცია კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე“, – წერს სააგენტო გიორგი გაბუნიას სიტყვებზე დაყრდნობით.
ადვოკატის შეფასებით, „ამ განცხადებით ადგილი აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, რადგან თანხების მითვისება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს“.
მისივე განცხადებით, ის თუ „სად გადის ზღვარი ცილისწამებას და გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შორის ეს საერთაშორისო სასამართლოებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს და ახლა საქართველოს სასამართლომაც უნდა დაადგინოს“.
გაბუნია ასევე არ გამორიცხავს, რომ მომავალში კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას სისტემური ხასიათი ჰქონდეს.
„ამას ექნება სისტემური ხასიათი, იურისტთა ჯგუფი მუშაობს და სადაც ვნახავთ, რომ იქნება მსგავსი განცხადება, გვექნება შესაბამისი რეაგირება”, – აცხადებს იგი.
„ტელეკომპანია პირველის“ პასუხი
„ტელეკომპანია პირველის“ იურისტის, ქეთი ზანდუკელის შეფასებით, დედაქალაქის მერის მოთხოვნა „არის დაუსაბუთებელი“ და „მიმართულია მხოლოდ ტელევიზიის დისკრედიტაციისკენ, მისთვის უზომოდ დიდი ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ, რაც ტელევიზიას ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ჩააგდებს“.
მისივე თმით, კონკრეტული განცხადება მაია მამულაშვილს არ გაუვრცელებია და ის ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გავრცელდა, რის შემდეგაც ის საჯარო სივრცეში „არაერთმა წყარომ“ გაავრცელა.
„ვერ იქნება მიჩნეული ვერცერთ შემთხვევაში, რომ მაია მამულაშვილმა ამ განცხადების გავრცელება მოახდინა, რომელმაც თავის მხრივ, კახი კალაძის პატივისა და ღირსების შელახვა შეძლო“, – ხაზი გაუსვა მან.
ასევე წაიკითხეთ:
- კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ დააჯარიმა, „ფორმულა“ და „ტვ. პირველი“ გააფრთხილა
- კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ 112 000 ლარით დააჯარიმა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)