2002 – პოლიტიკური ჩავარდნის კიდევ ერთი წელი

“რეზონანსი”

(ქართული პრესის მიმოხილვა. “სივილ ჯორჯია”. 29.12.01) – “რეზონანსი” ცდილობს განსაზღვროს, თუ როგორი იქნება პოლიტიკურ გადანაწილება მომავალ წელს და, აქედან გამომდინარე, რა ბედი ელის მთლიანად ქვეყანას.

“2002 წელს საქართველოს პოლიტიკური სპექტრი დიდი ვერაფერი მიღწევით ხვდება”, წერს გაზეთი და დასძენს, რომ მომავალ წელს საზოგადოება ისევ გაერთობა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებებში გამართული სანახაობებით, რომლებსაც, სამწუხაროდ, დადებითი შედეგები არ მოჰყვება ხოლმე.

ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წევრი ირაკლი ბათიაშვილი მომავალ წელს იმედით უყურებს და მიაჩნია, რომ ჯერ დადგება სერიოზული კრიზისის პერიოდი, შედმეგ კი დადებითისკენ შემოტრიალება დაიწყება. ყოფილი პარლამენტარი ირაკლი მელაშვილი კი არანაირ ცვლილებებს არ ელოდება, რადგან, მისი თქმით, არ შეიცვლება მთავარი – პრეზიდენტი შევარდნაძე.

რაც შეეხება თავად ედუარდ შევარდნაძეს, გაზეთის აზრით, ის დღევანდელ პარლამენტში დასაყრდენის პოვნას იოლად ახერხებს, “გრძელვადიანი პოლიტიკური დასაყრდენი კი მას აღარ სჭირდება”. პარლამენტარი ვასილ მაღლაფერიძე გაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ “პრეზიდენტი ყველასთან რაღაცნაირად ითანამშრომლებს, განსაკუთრებით იმ ძალებთან, რომლებიც რაღაც რეალურ ძალას შექმნიან”. 

გაზეთი ყოფილ მმართველ პარტიაზეც საუბრობს და ქვეყნის პრეზიდენტს ირონიულ კონტექსტში მოიხსენიებს: “მოქალაქეთა კავშირი” კომუნისტური პარტიის შემდეგ ერთადერთია, ვისაც შევარდნაძემ საკმაოდ დიდხანს უერთგულა”.  

“რეზონანსის” აზრით, მომავალ წელს პოლიტიკურ ძალებს შორის ყველაზე კარგი პერსპექტივა “ახალ მემარჯვენეებსა” და “ახალ ნაციონალურ მოძრაობას” აქვთ. პირველს პოზიციების გასამყარებლად საკმაო ფული და ფინანსური მხარდაჭერა აქვს, მეორეს კი მოსახლეობის გარკვეული ფენები უჭერენ მხარს. 

სტატიის დასასრულს გაზეთი აღნიშნავს, რომ საქართველოში ჯერჯერობით ბევრ რამეს ფული და ძალაუფლება წყვეტს, ხოლო ახალ პოლიტიკურ ძალებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.