ჩვენი ახალი ამბებისა და მიმოხილვების დიდი ნაწილი „სამოქალაქო საქართველოს“ (Civil.ge) თანამშრომელთა მიერ მზადდება, თუმცა სიამოვნებით მივიღებთ წინადადებებს ანალიტიკური სტატიების, მოსაზრებებისა და ჩანახატების ავტორებისაგან.
სტატიის შემოსათავაზებლად გთხოვთ, მისწერეთ ელექტრონული წერილი მთავარ რედაქტორს მისამართზე Otto.kobakhidze@una.ge. წერილის თემად მიუთითეთ “სტატია” და თან დაურთეთ თქვენი შემოთავაზება – სათაური და ერთი აბზაცი, რომელიც მოიცავს სტატიის თემას, მნიშვნელობას და თქვენი მიდგომის კუთხეს. თან დაურთეთ მოკლე ბიოგრაფია. თუკი ჩვენთან ჯერ არაფერი გამოგიქვეყნებიათ – წარსული პუბლიკაციების სია ინტერნეტ ბმულებითურთ.
რას ვაქვეყნებთ?
ჩვენთან გამოქვეყნებული სტატიების დიდი ნაწილი მოვლენების ანალიზია. ავტორის ამოცანაა, 950-1100 სიტყვაში ჩაატიოს მიმდინარე მოვლენების შემაჯამებელი სტატია ისე, რომ მკითხველმა მიიღოს დაბალანსებული ინფორმაცია. ასეთი სტატიები ეყრდნობა ფაქტებს და მიზნად მათ ანალიტიკურ ჩარჩოში მოქცევას ისახავს. სტატიის მიზანია აგვიხსნას, თუ რა ხდება ჩვენს გარშემო.
ამის გაკეთება კი ფაქტებზე დაყრდნობით, ცივი ლოგიკითა და ემოციების ჩაურევლად მოგიწევთ.
სტატიის წამკითხველმა უნდა გაიგოს:
- რა ხდება;
- რატომ მიიჩნევს ავტორი, რომ ეს ხდება;
- და რატომაა ავტორის აზრით, ეს მოვლენა მნიშვნელოვანი.
მოსაზრების, იმავე კომენტარის, ავტორს კონკრეტულ პრობლემაზე რაღაც მნიშვნელოვანის თქმა სურს ჩვენი მკითხველისათვის და ამას მოკლედ, 550-650 სიტყვიანი წერილით აკეთებს. ავტორი კრიტიკული თვალით უნდა უცქერდეს სამყაროს და მკითხველს ან მოქმედებისკენ უნდა აღძრავდეს, ანდა მას ახალი – ავტორისათვის ნაცნობი და მნიშვნელოვანი – კუთხიდან უნდა შეახედოს მიმდინარე მოვლენებს. ამ სტატიის წერისას თქვენი რიტორიკული ნიჭი უნდა მოიხმოთ.
ჩანახატი სტატიის ერთ-ერთი ყველაზე რთული ფორმაა. ის საინტერესო ამბავს გვიყვება. ჩვენთვის უცხო ადგილებთან და ადამიანებთან გვაახლოვებს. ავტორი ადგილიდან გვესაუბრება, ცოცხალ ადამიანებს, მათ ემოციებს გადმოგვცემს და ამ თხრობით უფრო დიდ მოვლენებს ადამიანურ განზომილებას ანიჭებს. ჩანახატი ლიტერატურის ფორმაა და კალმის მარჯვედ ფლობას მოითხოვს. იმედი გვაქვს, ვიპოვით ამ ჟანრის ტალანტებს.
თუკი აქამდე მოგვდიეთ და ჯერ იმედი არ გადაგეწურათ, ცოტა უფრო მეტი სტატიების სასურველი სტრუქტურის შესახებ:
მოვლენების ანალიზი:
ამ ჟანრში შექმნილი სტატიის ავტორი მოვლენების გარკვეული აღქმისაკენ გვიბიძგებს, მისი თვალი მახვილია, გონება ფოკუსრებული, ხოლო წერილი მყარად ეყრდნობა გადამოწმებად ფაქტებს და სამართლიანად ასახავს ამავე საკითხზე არსებულ განსხვავებულ აზრებს. ამ რთული მიზნის მიღწევაში, სტატიის შემდეგი სტრუქტურა დაგეხმარებათ:
შესავალი: 30-40 სიტყვაში აღწერეთ თქვენი სტატიის მთავარი მოვლენა, უთხარით მკითხველს, თუ ვინ რა მოიმოქმედა, სად, როდის და რატომ. თავიდანვე უნდა მიიქციოთ ყურადღება – რატომ უნდა მოგისმინოთ მკითხველმა თქვენ, წაიკითხოს თქვენი წერილი და არა ათასობით სხვა?
მნიშვნელობა: ამ აბზაცში მკითხველს აუხსნით, თუ რატომაა მომხდარი ამბავი მნიშვნელოვანი, რაზე მოახდენს ის ზეგავლენას, რით შეცვლის ის ქალაქს, ქვეყანას, რეგიონს და – რაც მთავარია – მკითხველის ცხოვრებას.
კონტექსტი: უმიზეზოდ არაფერი ხდება, როგორ აღმოვჩნდით იქ, სადაც ვართ? რა უძღოდა თქვენს მიერ აღწერილ მოვლენას, რა იყო მისი წინაისტორია? არ გაფანტოთ ყურადღება! თქვენი ამოცანაა, მკითხველს გააცნოთ (ან შეახსენოთ) ძირითადი მოქმედი პირები, მათი წარსული მოქმედებები და გამონათქვამები, გამოააშკარაოთ მათი ინტერესები.
ანალიზი: სცენა უკვე გაწყობილია და გადადიხართ თქვენი განსახილველი საკითხისა თუ მოვლენის ანალიზზე, ლოგიკურ აგურებად შლით მას, მკითხველს აცნობთ ქვე-საკითხებს, ამ თემაზე გამოთქმულ მთავარ პოზიციებსა თუ მოსაზრებებს, არგუმენტებსა და კონტრ-არგუმენტებს. თუკი გადაწყვეტთ ციტატები გამოიყენოთ, დარწმუნდით, რომ მოსაზრებების ფართო სპექტრს ასახავთ.
მომავლის ხედვა: ერთი აბზაცით უთხარით მკითხველს თუ თქვენი აზრით როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში.
დასკვნა: მიუბრუნდით შესავალს, შეეცადეთ მკითხველს დაამახსოვროთ მოვლენის მნიშვნელობა. თქვენი სტატია დასრულდა, არასოდეს დაუმატოთ აქ ახალი ინფორმაცია!
მოსაზრება:
ჩვენ მოსაზრებად აღვიქვამთ კარგი მთქმელის მიერ კარგი გამგონისათვის ნათქვამ ჭკუადამჯდარ არგუმენტს კონკრეტული პრობლემის შესახებ. მთქმელი გამგონის ინტელექტს პატივისცემით უნდა მოეპყროს.
მოსაზრების სტატია, ანუ კომენტარი, ჩვენი თვალთახედვით ბლოგი ან ფეისბუკის პოსტი არაა – ეს არც პირადი ტრამვების განხილვის ადგილია და არც დაგროვილი ემოციების ამოფრქვევა.
მოსაზრების სტატია:
- უნდა ეყრდნობოდეს ავტორის ცოდნას, გამოცდილებას და პრობლემის მისეულ აღქმას;
- უნდა ეხებოდეს ერთ (ყურადღებით, ერთ!) თემას. ვიცით, რომ ცდუნება დიდია. ერთ თემას.
- მკითხველს უნდა უზიარებდეს ავტორის პირად – და, სასურველია, ცინცხალ – მოსაზრებას მოკლედ, ცოცხლად, წერის დამამახსოვრებელი მანერით. მკითხველმა პრობლემას სხვა თვალით უნდა შეხედოს და წარმოსთქვას – “არის ამაში რაღაც, ხომ იცი შენ?!”
იმედია, ეს მოკლე წერილი გამოგადგათ. უფრო ღრმა განხილვისთვის, ეწვიეთ ომისა და მშვიდობის ჟურნალისტიკის ინსტიტუტის ამ საინტერესო გვერდებს.
This post is also available in:
English (ინგლისური) Русский (რუსული)