6-მა აფხაზურმა ვერტმფრენმა მარუხის უღელტეხილი დაბომბა
დღეს დილით, 9 საათსა და 10 წუთზე სოხუმიდან გამოფრინდა 6 მი-24 ტიპის ვერტმფრენი, რომლებმაც აფხაზეთის სვანეთში განლაგებული მარუხის უღელტეხილის მიდამოები დაბომბეს. ვერტმფრენებმა გადაიფრინეს სოფლები ლათა და ჩხალთა და ისევ სოხუმის მიმართულებით გაფრინდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ. ამავე ძალოვანი უწყების განცხადებით ჭურვები ჩამოვარდა არადასახლებულ ტერიტორიებზე, ხოლო ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ დასტურდება. უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე აცხადებს, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით არის მსხვერპლი, თუმცა უცნობია დაღუპულთა ვინაობა. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლი სწორედ მშვიდობიან, ადგილობრივ მოსახლეობაში იყოს. დღესვე რუსულმა მასს მედიამ გაავრცელა ინფორმაცია აფხაზების სამხედრო ძალების მიერ ჩეჩნურ-ქართული რაზმის დიდი ნაწილის განადგურების შესახებ. ინტერფაქსის ცნობით აფხაზებმა გამოიყენეს ავიაცა და საჰაერო დაბომბვები განახორციელეს ამტყელის უღელტეხილის შემოგარენში, სადაც ხვამცანის მთის მიდამოებში აღმოჩენილ იქნა ქართულ-ჩეჩნური დაჯგუფების გარკვეული ნაწილი.
This post is also available in: English (ინგლისური)