დღეს მოქალაქეთა კავშირის ყრილობა დაიწყო

(თბილისი. 22 დეკემბერი. “სივილ ჯორჯია”) – დღეს თბილისში “საქართველოს მოქალაქეთა კავშირის” (ს.მ.კ.) რიგით მეოთხე ყრილობა გაიხსნა. მას პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც ესწრება. იგი ყრილობაში რიგითი წევრის სტატუსით მონაწილეობს.

ყრილობამდე ორი დღით ადრე პარტიის შიგნით დაპირისპირებული მხარეები, ლევან მამალაძე და ზურაბ ჟვანია პარტიის რეორგანიზაციის თაობაზე შეთანხმდნენ.

მოსალოდნელია, რომ გაუქმდება თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის პოსტები. ამჟამად ს.მ.კ-ის გენერალური მდივანი ჟვანიას გუნდის წევრი ედვარდ სურმანიძეა. პარტიის ხელმძღვანელობა დაახლოებით 7-9 კაციან საბჭოს დაევალება.

ასეთი ფორმით ს.მკ.-მ მომდევნო ყრილობამდე უნდა მიაღწიოს, რომელიც არაუგვიანეს 2002 წლის 15 მაისს უნდა გაიმართოს. 

This post is also available in: English (ინგლისური)