საქართველო ამტკიცებს, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა იარაღით ვაჭრობს
(თბილისი, 6 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა დაადასტურა უშიშროების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზა იარაღს ყიდის. “ეს ინფორმაცია ჩვენთვის ახალი არ არის”, განაცხადა ბეჟუაშვილმა 5 მარტს. საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას თქმით, პანკისის ხეობას შეფარებული კრიმინალები და მებრძოლები იარაღით სხვადასხვა წყაროებიდან მარაგდებიან. ერთ-ერთ ასეთ წყაროს ახალქალაქში რუსეთის სამხედრო ბაზა წარმოადგენს. ამიერკავკასიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების პრეს-სამსახური ინფორმაციას უარყოფს. საქართველო ახალქალაქის სამხედრო ბაზის გასაუქმებლად რუსეთს სამ წლის ვადას აძლევს, მაშინ როდესაც რუსული მხარე ბაზის გაყვანისთვის აუცილებელ დროდ 14 წელს ასახელებს.
This post is also available in: English (ინგლისური)