ბუშის თქმით, ქართველ სამხედროებს 150 ექსპერტი მოამზადებს

(თბილისი, 12 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “ალ ქაიდასთან დაახლოებული ტერორისტები საქართველოს პანკისის ხეობაში, რუსეთის საზღვართან ახლოს იმყოფებიან. პრეზიდენტ შევარდნაძის თხოვნით, აშშ საქართველოში 150 სამხედრო მწვრთნელის გაგზავნას აპირებს, რათა მათ იქაური ჯარისკაცები უკონტროლო რეგიონში კონტროლის აღსადგენად მოამზადონ”, განაცხადა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 11 მარტს.

11 სექტემბრის მოვლენების 6 თვის თავზე გაკეთებულ მოხსენებაში აშშ-ის პრეზიდენტმა მადლობა მოუხადა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლ მსოფლიო კოალიციას.

ჯორჯ ბუშის განცხადებით, აშშ-ის მიერ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის – საქართველოსთვის გაწეული დახმარება “ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება”.

ამერიკელი სამხედრო ექსპერტები საქართველოში მარტის მეორე ნახევარში ჩამოვლენ. ისინი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 4 ბრიგადას გაწვრთნიან, რათა მათ თავად შეძლონ ანტიტერორისტული ოპერაციის გატარება.   

This post is also available in: English (ინგლისური)