აშშ-ის შეიარაღებული ძალების მე-10 სამთო დივიზია საქართველოში ჩამოდის

(თბილისი, 19 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს გაწვრთნიან, მე-10 სამთო დივიზიიდან არიან; ეს არის დივიზია, რომელსაც განსაკუთრებული როლი მიუძღვის ავღანეთის ომში, ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ “გარდიანის” დღევანდელი ნომერში.  

“დივიზია ეჩვევა საბჭოთა კავშირის დროს აგებულ გრანდიოზულ სამხედრო ბაზებს. ის ნამყოფია ქაბულის გარეთ არსებულ ბაგრამში, ავღანეთის კანდაარისა და მაზარ-ი-შარიფის აეროპორტებში, უზბეკეთის ხანადაბის სამხედრო ბაზაზე და ახლა თბილისთან ახლოს მდებარე ვაზიანის სამხედრო ბაზას ეწვევა”.

“გარდიანის” ცნობით, მე-10 დივიზიას მონაწილეობა აქვს მიღებული ალ-ყაიდას წინააღმდეგ ავღანეთში გამართულ ბრძოლებში.

უახლოეს დღეებში საქართველოში 150-მდე ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი ჩამოვა. ისინი ანტიტერორისტული და ანტიექსტრემისტული ოპერაციებისთვის დაახლოებით 2 000 ქართველ სამხედროს გაწვრთნიან.  
 

This post is also available in: English (ინგლისური)