რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პანკისის პრობლემაზე საუბრობს

(თბილისი, 26 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “პანკისის ხეობა ტერორიზმის ერთ-ერთი წყაროა ჩეჩნეთში”, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა 26 მარტს სანკტ-პეტერბურგში ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის დროებითი კომისიის შეხვედრისას.

ივანოვმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხეობაში ტერორისტების არსებობა დაადასტურა და რომ ის ტერორიზმის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ზომების გატარებას აპირებს.

“ისევე როგორც ადრე, რუსეთი ახლაც სთავაზობს საქართველოს ამ მხრივ დახმარებას”, აღნიშნა ივანოვმა.

პანკისის ხეობაში რუსეთს ერთობლივი ქართულ-რუსული სამხედრო ოპერაციის განხორციელება სურს, თუმცა საქართველოს მთავრობა ამ წინადადებას უარით პასუხობს.

This post is also available in: English (ინგლისური)