თავდაცვის მინისტრი: საქართველოში ფართომასშტაბიანი პროვოკაცია იგეგმება

(თბილისი, 27 მარტი, “სივილ ჯორჯია”) – “უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიან პროვოკაციას გეგმავენ, რომელიც საქართველოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვას გულისხმობს”, განაცხადა გუშინ, 26 მარტს, გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ.

“რუსეთის მას-მედიით მიმდინარე ანტი-ქართულმა პროპაგანდამ მაიძულა განმეცხადებინა ამ ინფორმაციის შესახებ”, განაცხადა თევზაძემ.

თვითაღიარებული აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და რუსეთის მაღალჩინოსნები უკანასკნელ ხანებში ამტკიცებენ, რომ საქართველო მის თვითაღიარებულ რესპუბლიკებზე თავდასხმებს ამზადებს.

დავით თევზაძის თქმით, პროვოკაცია საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებულ რუს სამშვიდობოებზე თავდასხმას ითვალისწინებს, რაც შეიარაღებულ შეტაკებას გამოიწვევს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ცნობები, რომ თითქოს საქართველო აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო ოპერაციების განხორციელებას აპირებს, პროვოკაციის საწყის ეტაპს წარმოადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური)