რუსეთის პრეზიდენტმა აფხაზეთის კონფლიქტში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

(თბილისი, 1 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – 1 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის სპეციალურ წარმომადგენლად საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად ვალერი ლოშჩინინი დანიშნა, აცხადებს რუსეთის საიონფორმაციო სააგენტო ინტერფაქსი.

ვალერი ლოშჩინინი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო მდივანი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა.

საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პირადი წარმომადგენლი საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძეა.

29 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი თანახმაა ისეთი დოკუმენტის შემუშავებაზე, რომელიც თბილისსა და სოხუმს შორის კონსტიტუციურ უფლებებს გადაანაწილებს.

დოკუმენტში შესული კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად მოითხოვს, რომ აფხაზეთი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად მოიაზრებოდეს.

 

This post is also available in: English (ინგლისური)