საქართველოს კოდორიდან შეიარაღებული ძალები გამოყავს
(თბილისი, 2 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომელიც კოდორის ხეობიდან ჯარის გამოყვანას ითვალისწინებს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულ ძალებს კოდორიდან 10 აპრილამდე გამოიყვანს. პროტოკოლის თანახმად, აფხაზური მხარის მძიმე ტექნიკა და საჯარისო ნაწილები თვითაღიარებული აფხაზეთის კონტროლის ქვეშ არსებული კოდორის ხეობის ქვედა წელსა და ტყვარჩელის რაიონ დატოვებენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაახლოებით 350 სამხედრო მოსამსახურე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად კოდორის ხეობაში გასული წლის ოქტომბერში განალაგა. იმ დროისათვის ქართულ-ჩეჩნურ დაჯგუფებებსა და აფხაზ მეომრებს შორის შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობდა.
პროტოკოლს ხელი მოაწერეს გაეროს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში დიტერ ბოდენმა, კონფლიქტის ზონაში განლაგებული სამშვიდობო ძალების მეთაურმა ალექსანდრ ევთეევმა, საქართველოს საგანგებო საქმეთა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ და თვითაღიარებული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გივი აგრბამ.
პროტოკოლის ვალდებულებათა შესრულებას გაეროს მისია და კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალები გააკონტროლებენ.
This post is also available in: English (ინგლისური)