თავდაცვის სამინისტროს ჯარებს კოდორში მესაზღვრეები ჩაენაცვლებიან
(თბილისი, 9 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალები კოდორის ხეობას ტოვებენ, რომელიც აფხაზეთში საქართველოს მიერ კონტროლირებად ერთადერთ ტერიტორიას წარმოადგენს. დღეს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მირიან კიკნაძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას განაცხადა, რომ რეგულარულ არმიას კოდორში საქართველოს სასაზღვრო ჯარი ჩაენაცვლება. 2 აპრილს ხელმოწერილი პროტოკოლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მისი შეიარაღებული ძალები კოდორიდან 10 აპრილამდე უნდა გამოიყვანოს. მირიან კიკნაძემ დარწმუნებით ვერ განაცხადა, რეგულარული არმიის მთლიანი ნაწილი ამ დროისათვის ხეობიდან გამოსული იქნება თუ არა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, რეგულარული არმიის კოდორიდან გაყვანა და მისი მესაზღვრეებით ჩანაცვლება ერთდროულად ხორციელდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტი იქნება.
This post is also available in: English (ინგლისური)