პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კოდორში სამშვიდობოები შევიდნენ

(თბილისი, 12 აპრილი, “სივილ ჯორჯია”) – “ცნობები კოდორის ხეობაში რუსული სამხედროების განლაგების შესახებ დადასტურებულია. ხეობაში რუსეთმა სამშვიდობო ძალები საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეიყვანა”, – განუცხადა დეპუტატებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, სამშვიდობოები თავიანთი მოქმედების მოტივად ხეობაში ვითარების დაძაბვას ასახელებენ და იქ ბლოკ-პოსტების ჩადგმას აპირებენ.

“რუსეთის სამშვიდო ძალებმა ცინიკური ახსნა მისცეს თავიანთ მოქმედებას და განაცხადეს, რომ ისინი ადგილობრივი მოსახლეობის “დაცვას” აპირებენ”, აღნიშნა ბურჯანაძემ.

დილით, 12 აპრილს, 8 რუსულმა ვერტმფრენმა კოდორის ხეობაში ათობით რუსი ჯარისკაცი გადმოსხა.

კოდორის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ივერი ჭელიძის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაშია.

საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად მოითხოვს, რომ რუსეთმა კოდორიდან ჯარი გაიწვიოს.

ქართველი დეპუტატები აცხადებენ, რომ რუსეთის ეს მოქმედება საქართველოს მიმართ აგრესიის გამოხატულებაა.

რუსეთის მოულოდნელი მოქმედების გამო დღეს პარლამენტი საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი მიმართვას აპირებს.

This post is also available in: English (ინგლისური)