ოთარ შალიკაშვილი “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის შესახებ

(თბილისი, 16 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მთავარი მრჩეველი აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში ოთარ შალიკაშვილი საქართველოს საზოგადოებრივი ურთიერთობების ცენტრში ქართული საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრესის წარმომადგენლებს შეხვდა. სადაც ქართული სამხედრო ქვედანაყოფების “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის თაობაზე ისაუბრა.

“საქართველომ უარი თქვა რუსეთის წინადადებაზე პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის ერთობლივად ჩატარების შესახებ. როცა რუსეთმა ქართულ მხარეზე ზეწოლა გააძლიერა, აშშ-მა რუსეთის ხელისუფლებას განუმარტა, რომ ამერიკა საქართველოს დაეხმარება, განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები, რათა თვითონ შეძლოს თავისი სუვერენიტეტის დაცვა”- განაცხადა ოთარ შალიკაშვილმა.

“სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ განვუმარტეთ რუსულ მხარეს, რომ საქართველოს ვეხმარებით იმის გამო, რომ მას დახმარება რუსეთისთვის არ უთხოვია”- განაცხადა ამერიკელმა სტუმარმა “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მსვლელობის კომენტირებისას.

პროგრამის პირველი სტადია სამეთაურო ცენტრის კადრების მომზადებას ითვალისწინებს, რისი დაწყებაც, შალიკაშვილის ინფორმაციით, 27 მაისისთვისაა დაგეგმილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)