რეფორმატორთა წინააღმდეგ პროვოკაცია იგეგმება – აცხადებს ბარამიძე

(თბილისი, 20 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს დეპუტატმა გია ბარამიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ოლიგარქიული წრეები ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის, ასევე მთლიანად რეფორმატორთა გუნდის წინააღმდეგ პროვოკაციას გეგმავენ.

მისი თქმით, ეს პროვოკაცია ფიზიკურ განადგურებასაც ისახავს მიზნად. “უახლეოს ხანებში იგეგმება ჩვენს წინააღმდეგ ბინძური ჭორებისა და დეზინფორმაციის გავრცელება, რაც, საბოლოო ჯამში, მორალური ტერორის განხორციელებას ემსახურება”, აცხადებს ბარამიძე.

დეპუტატი არ ასახელებს ინფორმაციის წყაროს, თუმცა აცხადებს, რომ ეს ცნობა მას ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან მიაწოდეს.

“მე არ ვიცი, რის საფუძველზე აკეთებს ბარამიძე ამ განცხადებას, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საკუთარი თვალით ვნახე, თუ როგორ დაყვება მიხეილ სააკაშვილს პოლიციის ორი მანქანა და მას უთვალთვალებს”, განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯომარემ ელენე თევდორაძემ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)