არჩევნების შემდეგ ჟვანიას გუნდი ერთიანი დემოკრატიული ფრონტის ჩამოყალიბებას აპირებს
(თბილისი, 21 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 2 ივნისის არჩევნების შემდეგ ზურაბ ჟვანიას გუნდი პოლიტიკურ ძალთა ერთიანი დემოკრატიული Fფრონტის ჩამოყალიბებას აპირებს. როგორც ზურაბ ჟვანიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ფრონტი გაართიანებს იმ ხალხს, რომელიც ამ ხელისუფლების წინააღმდეგ აპირებს ბრძოლას.
არჩევნებამდე კი ჟვანიას მომხრეები ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის სიებით იბრძოლებენ.
თბილისის საოლქო სასამართლომ გუშინ გვიან საღამოს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა, რომ მოქალაქეთა კავშირის სიებით რეგისტრაციაში გაატაროს ლევან მამალაძის მომხრეთა გუნდი.
“სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება შედეგი იყო შევარდნაძის ერთი ზარისა, რითაც მან საბოლოოდ ფეხქვეშ გათელა კონსტიტუცია და დაარღვია ყველა კანონი. დავრწმუნდი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სამართალს ვერცერთი მოქალაქე ვერ იპოვის”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით, მართალია,Yმისი მომხრეები დამარცხდნენ, მაგრამ “სამაგიეროდ, საზოგადოებამ ნათლად დაინახა იმის მიზეზი, თუ რატომ გავემიჯნეთ ამ გახრწნილ და კორუმპირებულ ხელისუფლებას”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)