შს მინისტრი და გენპროკურორი დეპუტატებს საარჩევნების დარღვევებზე მოუთხრობენ

(თბილისი, 7 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი და გენერალური პროკურორი ნუგზარ გაბრიჩიძე დღეს გამართულ საპარლამენტო სხდომაზე დეპუტატებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პროცედურაში მომხდარ დარღვევებზე მიაწვდან ინფორმაციას.

სავარაუდოდ, დეპუტატები დეტალურ ინფორმაციას მოითხოვენ რუსთავში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, 2 ივნისს დაახლოებით 40 ადამიანმა საარჩევნო ბიულეტენები რუსთავის საარჩევნო უბნებში დარიგებამდე გაიტაცა, რამაც რუსთავში არჩევნების გადადება გამოიწვია.

შემთხვევას საქართველოს გენერალური პროკურატურა იძიებს.

4 ივნისს გამართულ საპარლამენტო სხდომაზე პარლამენტის თავდმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის მიერ დეპუტატებისთვის მიწოდებული ცნობები არ იქნება “ზერელე და ისინი დეპუტატებს რუსთავში მომხდართან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)