შოუს გამტაცებლები გამოსასყიდს ითხოვენ?

(თბილისი, 3 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – ბრიტანელი ბიზნესმენის პიტერ შოუს გამტაცებლები დღეს პირველად გამოვიდნენ კავშირზე და შოუს გასათავისუფლებლად 2 მილიონი დოლარის გამოსასყიდი მოითხოვეს, იუწყება ტელეკომპანია რუსთავი 2.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. “ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას არ ვფლობთ”, განუცხადეს “სივილ ჯორჯიას” სამინისტროს პრესსამსახურში.

გასულ თვეს დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მთავრობა გამტაცებლებს გამოსასყიდს არ გადაუხდის.

აგრობიზნესბანკის 58 წლის დირექტორი პიტერ შოუ 18 ივნისს თბილისში საკუთარი მანქანიდან გაიტაცეს.

ქართველი სამართალდამცველები გამოძიების დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა აცხადებენ, რომ გამოძიების წარმატებულად დასრულებისთვის საკმარის ინფორმაციას ფლობენ. უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას თქმით, შოუს გატაცება კარგად იყო ორგანიზებული და მისი წარმატებით განხორციელება კრიმინალთა მხოლოდ კარგად გაწვრთნილ ჯგუფს შეეძლო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)