მოხალისეთა უკმარისობის გამო დეპუტატები თავდაცვის სამინისტროს აკრიტიკებენ
(თბილისი, 10 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – 10 ივლისის სხდომაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს.
სხდომაზე დეპუტატებმა კომანდოსების ბატალიონის დასაკომპლექტებლად მოხალისეთა უკმარისობის გამო თავდაცვის სამინისტრო გააკრიტიკეს. ბატალიონში მონაწილეობის სურვილი ჯერ-ჯერობით 99 ჯარისკაცმა გამოთქვა მაშინ, როცა წვრთნების დასაწყებად 300-მდე სამხედრო მოსამსახურე მაინც უნდა შეიკრიბოს.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა თავდაცვის სამინისტრო იმის გამო გააკრიტიკა, რომ უზრუნველყოფილი არ იქნა პარლამენტის ინფორმირება პროგრამის მიმდინარეობის თაობაზე და დეპუტატებიც ინფორმაციას პრესიდან იგებენ.
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ჯონი ფორცხალაიშვილმა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ სიტუაცია არც ისეთი კრიტუკულია, როგორც ამას მასობრივი საინფორმაციო საშუალებები გადმოსცემენ. მისი თქმით, “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა გეგმის მიხედვით ხორციელდება.
სხდომაზე მიწვეულმა აშშ-ის საელჩოს სამხედრო ატაშემ ტომას ნიუკომბმა განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკულ მხარეს მუდმივად აწვდის ინფორმაციას პროგრამის მიმდინარეობის შესახებ და აშშ-საც პრეტენზიები არ გააჩნია.
პროგრამის მეორე სტადია 2 აგვისტოს უნდა დასრულდეს, მესამე ფაზა კი 27 აგვისტოს დაიწყება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)