ევროსასამართლო ჩეჩენთა გადაცემას ხელს არ შეუშლის

(თბილისი, 27 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო ხელს არ შეუშლის საქართველოს რუსეთისთვის დაკავებული ჩეჩნების გადაცემაში. ამის შესახებ ნათქვამია სასამართლოს მიერ 26 ნოემბერს მიღებულ კომუნიკეში.

26 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ გადაწყვიტა, რომ გაეუქმებინა მის მიერ ადრე დაწესებული მორატორიუმი საქართველოდან რუსეთში 8 დაკავებულის პირის ექსტრადიციაზე.

სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა რუსეთის მიერ მიცემული პირობა, რომ დაცული იქნება დაკავებულთა მიმართ ჰუმანური მიპყრობა და რომ მათ მიმართ რუსეთის ხელისუფლება სასიკვდილო განაჩენს არ გამოიტანს.

2002 წლის 3-5 აგვისტოს ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთის საზღვართამ ახლოს 13 შეიარაღებული პირი დააკავეს. ყველა დაკავებულს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. ოქტომბერში ქართულმა მხარემ რუსეთს 5 დაკავებული გადასცა, რის შემდეგაც ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას დაკავებულთა რუსეთისთვის გადაცემის შეჩერება მოთხოვა, ვიდრე სასამართლო მათ საქმეებს შეისწავლიდა.

გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ ორი დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ განაცხადა, რომ მათი ექსტრადიცია არ მოხდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)