აღმოსავლეთ საქართველოს ელექტრომომარაგება პარალიზებული იყო

(თბილისი, 29 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს ნახევარი საათის განმავლობაში პარალიზებული იყო თბილისის ენერგოსისტემა. ელექტროენერგიით მომარაგება შეუწყდა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებსაც კი. გაჩერებული იყო მეტროპოლიტენი. მაუწყებლობა შეწყვიტა ტელეანძამ. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა საავადმყოფოებს.

ზოგიერთი ინფორმაციით, ენერგოქსელის გათიშვის მიზეზი დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე მომხდარი ავარია გახდა, რის შედეგადაც აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროენერგია აღარ მიეწოდებოდა.

თუმცა, როგორც ჟურნალისტებს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ განუცხადა, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა პროფილაქტიკური სამუშაოებით იყო გამოწვეული.

თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება განახლდა, თუმცა ჯერ-ჯერობით მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ გათიშულია ქსელიდან.

გუშინ სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ საგანგებო თათბირზე სახელმციფო მინისტრმა სამართალდამცავ ორგანოებს ენერგოსისტემაში შექმნილი სირთულეების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა მოთხოვა.

გასულ წელს მოსახლეობის ენერგომომარაგებაში შეფერხებებმა მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია, რომლის მონაწილენიც თბილისის ცენტრალურ მაგისტრალებს კეტავდნენ და 24 საათიან ენერგომომარაგებას მოითხოვდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)