ხელისუფლება პიტერ შოუს ეჭვებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს
(თბილისი, 16 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ბრიტანელი ბიზნესმენის პიტერ შოუს ვარაუდები იმის თაობაზე, რომ სოფლის მერუნეობის მინისტრს დავით კირვალიძეს შეიძლება კავშირი ჰქონდეს მის გატაცებასთან, “უსაფუძვლოა”. კირვალიძემ შოუს ბრალდებები ოფიციალურად უარყო.
“პიტერ შოუს განცხადება დავით კირვალიძისადმი გამოწვეულია მისი პირადი უთანხმოებით კირვალიძესთან. ვარაუდი გატაცებასთან კირვალიძის შესაძლო კავშირის შესახებ პიტერ შოუს პირადი მოსაზრებაა და ჩვენ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ეს ვარაუდები რეალობასთან მიახლოებულად ჩავთვალოთ”, – თქვა ნიკა ლალიაშვილმა.
რამდენიმე დღის წინ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების სამკაციანი დელეგაცია ბრიტანეთში იმყოფებოდა აგრობიზნესბანკის ყოფილი თანადირექტორის პიტერ შოუს დასაკითხად, რომელიც 2002 წლის 18 ივნისს თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს, რის შემდეგაც შოუმ მძევლობაში 141 დღე დაჰყო.
ქართველი სამართალდამცავების დელეგაციის წარმომადგენელმა ზაზა ფერაძემ 14 დეკემბერს ჟურნალისტებს აცნობა, რომ გამომძიებლებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს პიტერ შოუსთან გასაუბრებით.
დავით კირვალიძე პიტერ შოუს ვარაუდებს “აბსურდულს” უწოდებს, თუმცა აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკმაყოფილო იყო აგრობისნესბანკის მენეჯმენტით, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც იყო პიტერ შოუ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ცნობით, “სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრს აგრობიზნესბანკის მმართველთან პიროვნული უთანხმოება არასდროს ჰქონია, თუმცა მისი და აღნიშნული ბანკის საქმიანობასთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს არაერთხელ გამოუთქვამს კრიტიკული მოსაზრებები, რაც ფარტო საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი”.
პიტერ შოუ საქართველოში ასევე მუშაობდა ექსპერტად ევროკავშირის “ტასის”-ის პროგრამის ფარგლებში, რომელიც სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციებს ახორციელებს.
შოუმ საქართველოში 6 წელი იმუშავა და გატაცების დღის მეორე დღეს აპირებდა საქართველოდან წასვლას.
This post is also available in: English (ინგლისური)