ჩეჩნების თხოვნა თავშესაფრის თაობაზე კანცელარიაში დააბრუნეს
(თბილისი, 18 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უარი განაცხადა თბილისში წინასწარ პატიმრობაში მყოფი 6 ჩეჩენის თხოვნის განხილვაზე, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდნენ.
ამ დღეებში დაკავებულმა ჩეჩნებმა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოში მათთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემა თხოვეს. დაკავებულთა ადვოკატების თქმით, ჩეჩნები თავიანთი თხოვნის მოტივად ასახელებენ იმას, რომ რუსეთსი ისინი პოლიტიკურად იდევნებოდნენ და რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევასი მათ გარდაუვალი სიკვდილი ემუქრებათ. როგორც ცნობილია, ამ დღეებში რუსეთში პატიმრობაში გარდაიცვალა ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაური სალმან რადუევი, რომელმაც თავის დროზე ბრძოლებში მიღებულ მძიმე წრილობებს გაუძლო.
როგორც “სივილ ჯორჯიას” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ ოთარ ყეინაშვილმა აცნობა, ჩეჩნების განცხადება განსახილველად არ იქნა მიღებული, რადგან თხოვნა კოლექტიურია და ციხიდანაა გამოგზავნილი. ყეინაშვილის თქმით, დოკუმენტები უკან დაუბრუნდა სახელმწიფო კანცელარიას.
ამჟამად უზენაესი სასამართლო განიხილავს ამ ექვსიდან სამის სარჩელს, რომლებიც აპროტესტებენ გენერალური პროკურატურის მიერ მათი ექსტრადიციის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აგვისტოს დასაწყისში რუსეთის საზღვართან დაკავებული 13 შეიარაღებული პირიდან 2 საქართველოს მოქალაქეა და მათი ადვოკატები ასაჩივრებენ ბრალდებას საზღვრის უკანონოდ გადმოლახვის თაობაზე. დანარჩენი 5 კი ოქტომბერში უკვე რუსეთის მხარეს გადასცეს.
ამის პარალელურად ჩეჩნების საქმეს სწავლობს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლო, თუმცა ეს განხილვა ჩეჩნების ექსტრადიციის შეჩერებაზე ვერ იმოქმედებს.
This post is also available in: English (ინგლისური)