რუსული მხარე ქართულ-აფხაზური შეხვედრის ინიციატივით გამოდის

(თბილისი, 9 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საქმეებში ვალერი ლოშინინი დღეს სოხუმში ჩადის, სადაც სოხუმის ხელისუფლებას ქართულ მხარესთან შეხვედრის ჩატარებას შესთავაზებს.

როგორც 8 იანვარს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ იაკოვენკომ ჟურნალისტებს აცნობა, ამ შეხვედრის მიზანი მხარეებს შორის ნდობის განმტკიცება იქნება.

იაკოვენკოს ინფორმაციით, უახლოს დროში ლოშინინი თბილისშიც ჩავა, სადაც ქართულ მხარესთან გამართავს მოლაპარაკებას ქართულ-აფხაზური შეხვედრის ორგანიზების თემაზე.

ბოლო დროს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები კვლავ დაიძაბა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ცალმხრივად განაახლა სარკინიგზო მიმოსვლა სოხუმთან. ამ ურთიერთობების ამჭვავებს ისიც, რომ რუსეთი განაგძობს რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას აფხაზეთში მცხოვრებთათვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)