ქართული მხარე სამშვიდობო ოპერაციის გაფართოებას მოითხოვს
(თბილისი, 27 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – 26 იანვარს ეროვნული უშიშროების საბჭომ აფხაზეთში არსებული ვითარება განიხილა.
საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ლიდერმა თამაზ ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული მხარე რუსულ სამშვიდობო ძალებს მანდატს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუხანგრძლივებს, თუ კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ოპერაციის ფორმატი გაფართოვდება.
ნადარეიშვილის თქმით, ქართული მხარე ასევე მოითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს რუსული პასპორტების გაცემა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის და ასევე შეაჩეროს სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთთან, რაც ათწლიანი შესვენების შემდეგ გასული წლის მიწურულს იქნა განახლებული.
ქართულ მხარეს სურს, რომ სამშვიდობო ძალების მოქმედების არეალი მდინარე ღალიძგამდე გაფართოვდეს და მთლიანად მოიცვას გალის რაიონი. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის გაფართოება ხელს შეუწყობს დევნილთა შინ დაბრუნებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)