შევარდნაძემ და პუტინმა აფხაზეთის საკითხი განიხილეს
(თბილისი, 29 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა 28 იანვარს კიევში, დსთ-ს არაფორმალული სამიტის ფარგლებში პირისპირ გამართული შეხვედრისას აფხაზეთში შექმნილი ვითარება განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთსა და აფხაზეთს შორის შეჩერდება, სანამ დევნილთა დაბრუნების პრობლემა არ გადაიჭრება.
საქართველოს პრეზიდენტმა შევარდნაძემ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება შემუშავდეს რამოდენიმე “მექანიზმი” რომელიც ხელს შეუწყობს რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობას აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების გარშემო.
“საუბარი იყო საფუძვლიანი, რამაც ნათელი მოფინა რამოდენიმე მწვავე პრობლემას,” განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
“ჩემთვის საუბარი იყო სასარგებლო და დროული,” განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ და დასძინა, რომ კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი სამშვიდობოების საკითხს ორი პრეზიდენტი 29 იანვარს გადაწყვეტენ.
“ეს [სამშვიდობო ძალების ყოფნა] ძალიან რთული საკითხია,” განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)