აშშ მხარს უჭერს საქართველოს რუსული ბაზების გაყვანის საკითხში
(თბილისი, 11 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს რუსეთის მიერ სტამბულის შეთანხმებების შესრულების მოთხოვნის საკითხში, – ამის შესახებ 10 თებერვალს პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრაზე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ შეიარაღებების საკითხებში სტეფან რეიდმეიკერმა.
1999 წელს ეუთო-ს ფარგლებში სტამბულში მიღწეული შეთანხმების მიხედვით საქართველოს და რუსეთს 2000 წლის განმავლობაში უნდა დაესრულებინათ მოლაპარაკებები ბათუმსა და ახალქალაქში რუსული სამხედრო ბაზების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.
ჯერ-ჯერობით ქართულმა და რუსულმა მხარეებმა ვერ მოახერხეს ამ საკითხზე შეთანხმება. რუსეთი ამტკიცებს, რომ მას ამ ორი ბაზის გასაყვანად 11 წლის ვადა ესაჭიროება, მაშინ როცა ქართული მხარის მონაცემებით ამისთვის 3 წელი სრულიად საკმარისია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)