შევარდნაძე ორპალატიანი პარლამენტის მომხრეა
(თბილისი, 24 თებერვალი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ორპალატიანი პარლამენტის შექმნის მომხრეა. ამის შესახებ მან დღეს, ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა.
“ორპალატიანი პარლამენტის შექმნა უფრო ეფექტურს გახდის პარლამენტის მუშაობას. ე.წ. “სენატი” ურთიერთობების მარეგულირებელი ორგანო იქნება აღმასრულებელსა და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის, რაც თავისთვად დადებით შედეგს გამოიღებს”, – განაცხადა შევარდნაძემ.
მისი თქმით, ჯერ შესაბამისი კანონი უნდა შემუშავდეს. პრეზიდენტი ასევე მომხრეა პარლამენტის დეპუტატების რაოდენობის შემცირებისა.
“იმ შემთხვევაში, თუ ამ ეტაპზე არ მოხდება ამ კანონის მიღება, მაშინ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად და მაღალ დონეზე ჩატარდეს” – აცხადებს პრეზიდენტი.
ამისათვის იგი არსებული საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას და მის დახვეწას მოითხოვს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)