რჩეულიშვილი არჩევნებში გამარჯვებისთვის მოქალაქეთა კავშირთან ერთად იბრძოლებს
(თბილისი, 7 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – სოციალისტური პარტია დღეს ოფიციალურად მიიღებს წესდებას არჩევნების წინ მოქალაქეთა კავშირთან ერთიანი ბლოკის შექმნასთან დაკავშირებით. ამის შესახებ “სივილ ჯორჯიას” სოციალისტური პარტიის თავმჯდომარემ ვახტავგ რჩეულიშვილმა აცნობა.
“ჩვენ მზად ვართ მოქალაქეთა კავშირის ხელმძღვანელებთან ვითანამშრომლოთ, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, როცა საქართველოს პრეზიდენტმა საგარეო პოლიტიკაში თავის პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტი თბილისი-ვაშინგტონი-მოსკოვია. ჩვენც ასეთი თანამშრომლობის მომხრე ვართ”, – აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი.
მისი თქმით, მოქალაქეთა კავშირის მიმართ სოციალისტებმა პოზიცია მაშინ შეიცვალეს, როცა მათ ზურაბ ჟვანიას გუნდი გაემიჯნა. “ამან უფრო განაპირობა, ჩვენი დაახლოება”, – აღნიშნა რჩეულიშვილმა.
იგი დარწმუნებულია, რომ ერთობლივად, საქართველოს პრეზიდენტის დახმარებით, შეძლებენ ასევე რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას და ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარებას, რისი მთავარი კოორდნიატორი თავად რჩეულიშვილია. (იგი პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელია ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საკითხებში).
სოციალისტური პარტია არ გამორიცხავს სხვა პარტიებთან თანამშრომლობასაც, მათშორის “მრეწველობთან”, თუმცა მათ ამის სურვილი ჯერ არ გამოუთქვამთ და არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებენ მონაწილეობას.
რჩეულიშვილი მოქალაქეთა კავშირთან ერთან ერთობლივი საარჩევნო სიების შექმნას არ ჩქარობს და აცხადებს, რომ ამას არჩევნების წინ გააკეთებს, მანამდე კი მოლაპარაკებებს გამართავს სხვა პარტიებთან და ცნობილ ადამიანებთან პარტიაში გაწევრიანების თაობაზე.
რჩეულიშვილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ შესაძლოა 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა. “თუ ამის სურვილი პრეზიდენტს ექნება, მაშინ მე მის სურვილს შევასრულებ, ეს ხუმრობით, თუმცა ამის შესახებ საუბარი ნაადრევია, ერთი კი აღსანიშნავია, რომ ყველა ქართველს სურს პრეზიდენტობა”, – განაცხადა რჩეულიშვილმა.
მოქალაქეთა კავშირთან ერთიანი ბლოკის შექმნის შესახებ წესდებას დღეს პარტიის კომიტეტის სხდომაზე შეიმუშავებენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)