აფხაზეთი რუსეთთან მჭიდრო კავშირებს ეძებს

(თბილისი, 11 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – სოხუმის ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა გენადი გაგულიამ განაცხადა, რომ “აფხაზეთი რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციის მიღწევას ცდილობს”.

გაგულიამ, რომელიც 7 მარტს სოჭში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას ესწრებოდა, კომენტარი გაუკეთა პრეზიდენტ შევარდნაზის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ქართული მხარე “მზად არის განიხილოს წინადადება ფედერაციული რესპუბლიკის შექმნის თაობაზე, რომელშიც აფხაზეთს განსაკუთრებული უფლებები მიენიჭება”.

შევარდნაძე უკან – 1992 წელში დაბრუნებას ცდილობს, როცა აფხაზურმა მხარემ ფედერაციის შექმნის წინადადება წამოაყენა, მაგრამ თბილისმა მაშინ უარი განაცხადა. ახლა ჩვენ არ გვსურს, რომ უკან დავბრუნდეთ, და ჩვენ ამ წინადადებას არ განვიხილავთ”, – უთხრა გაგულიამ სააგენტო “ინტერფაქსს”.

შევარდნაძის წინადადება ასევე კატეგორიულად უარყო 10 მარტს რუსეთის ფედერაციაში სოხუმის მთავრობის წარმომადგენელმა იგორ ახბამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)