აშშ-საქართველოს სამხედრო ხელშეკრულება რატიფიცერებულია

ექსპერტების აზრით აშშ-ის მიერ ქართული ბაზების გამოყენება უფრო რეალური ხდება

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თურქეთისა და საქართველოს პარლამენტების გადაწყევტილებებმა საგრძნობლად გაზარდა კოალიციის ძალების მიერ ერაყის წინააღმდეგ ომში საქართველოს სამხედრო ბაზების გამოყენების ალბათობა.

21 მარტს საქართველოს პარლამენტმა 138 ხმით ერთის წინააღმდეგ მოახდინა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რითაც ამერიკულ მხარეს მიეცა უფლება დაიკავოს ორმხრივად შეთანხმებული ტერიტორიები და ობიექტები საქართველოში, აშშ-ს ადმინისტრაციის სამოქალაქო და სამხედრო პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ხომალდებისა და თვითმფრინავებისათვის.

21 მარტს აშშ-ს საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება საგრძნობლად აადვილებს შეერთებული შტატების მიერ ქართული სამხედრო ობიექტების გამოყენებას. შეთანხმების რატიფიცირებას წინ უძღვოდა ხანმოკლე, მაგრამ ცხარე დებატები.

შეთანხმების მიხედვით, აშშ-ს მთავრობას ეძლევა უფლება დაუბრკოლებლად გამოიყენოს ორმხრივად შეთანხმებული ობიექტები საქართველოს ტერიტორიაზე. აშშ-ს ხელისუფლების სამოქალაქო და სამხედრო პირებს ასევე ეძლევათ უფლება შემოვიდნენ და გავიდნენ საქართველოდან ვიზისა და პასპორტის გარეშე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე.

მათ ასევე მიენიჭებათ იგივე პრივილეგიები და იმუნიტეტები, რომლითაც სარგებლობენ  საელჩოს ადმინისტრაციული და ტექნიკური მოსამსახურეები. შეთანხმების მიხედვით აშშ-ს ადმინისტრაციის სამხედრო და სამოქალაქო პირებს ექნებათ უფლება იქონიონ და ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოს ტერიტორიაზე.

აშშ-საქართველოს სამხედრო შეთანხმების რატიფიცირებით, ქართულმა მხარემ შექმნა იურიდიული საფუძველი აშშ-სადმი დახმარების აღმოჩენის სურვილის განხორციელებისათვის. თუმცა ვაშინგტონს ქართული მხარისადმი ასეთი თხოვნით ჯერჯერობით არ მოუმართავს.

21 მარტს გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველმა ირაკლი ალადაშვილმა განუცხადა სივილ ჯორჯიას, რომ თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებამ არ მიეცეს კოალიციის ძალებს თურქული საჰაერო ბაზების გამოყენების უფლება, მნიშვნელოვნად გაზარდა აშშ-ს საჰაერო ძალების მიერ ქართული სამხედრო აეროდრომების გამოყენების ალბათობა.

“ამერიკული თვითმფრინავების ნაწილი თურქეთის გავლით ერაყში ევროპიდან უნდა წამოვიდნენ. ეს საკმაოდ დიდი მანძილია, ამიტომ მათ აუცილებლად დაჭირდებათ საშუამავლო აეროდრომები. თურქეთმა თავისი არეოდრომების გამოყენების უფლება არ მისცა, შესაბამისად, უკვე რელაურად იკვეთება საქართველოს ბაზების გამოყენების შესაძლებლობა,” აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

მისი თქმით ეს კიდევ უფრო რეალური გახდება, იმ შემთხვევაში თუ ომი ერაყში გაიწელა. “მაგრამ ყველა შემთხვევაში საქართველოს აეროდრომები გამოყენებულ იქნება, მხოლოდ სამხედრო-სატრანსპორტო და ლოგისტიკური მიზნებისთვის და არა ერაყზე დარტყმების განსახორციელებლად,” ამბობს სამხედრო ექსპერტი.

ექსპერტების თქმით, იმ შემთხვევაში თუ ამის საჭიროება დღის წესრიგში დადგა, ყველაზე რალურია ვაზიანის, ან შირაქის სამხედრო აეროდრომების გამოყენება, რომელთაც 3000 მეტრიანი ასაფრენი ბილიკი გააჩნიათ.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)