შევარდნაძე მხარს უჭერს რომის სტატუტის რატიფიკაციას
(თბილისი, 25 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ჰააგის ტრიბუნალის შესახებ კონვენციის რატიფიცირება სავსებით ნორმალური იქნება და მზად ვარ ამასთან დაკავშირებით პარლამენტს ჩემი ინიციატივა შევთავაზო”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ 24 მარტს ორშაბატის ტრადიციულ ბრიფინგზე.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს პარლამენტი დაარწმუნოს რომის სტატუტის რატიფიკაციის აუცილებლობაში, რათა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შესაძლებლობა მიეცეს აფხაზეთის კონფლიქტის დროს ქართველთა გენოციდის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესწავლის საშუალება.
10-15 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი ჰააგაში იმყოფებოდა, სადაც საერთაშორისო სასამართლოს თხოვნით მიმართა შეისწავლოს დოკუმენტაცია ქართველების გენოციდთან დაკავშირებით.
“თამაზ ნადარეიშვილისგან [აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების მეთაური] ვიცი, რომ მას აქვს ინტენსიური კონტაქტი ჰააგის ტრიბუნალის წარმომადგენლებთან, რომლებიც შეიძლება ჩამოვიდნენ საქართველოში”, – თქვა შევარდნაძემ.
თუმცა, როგორც მან აღნიშნა, “გასათვალისწინებელია, რომ ჰააგის ტრიბუნალი გულისხმობს ბოლო ორი წლის განმავლობასი ჩადენილ დანაშაულობებს და არა 1992 წლის მოვლენების განხილვას. თუმცა, სამომავლოდ შეიძლება რამე შეიცვალოს კიდეც. რატიფიკაცია არ შველის იმას, რომ რაც მოხდა 1992 წლიდან, იყოს გამოძიებული, მაგრამ თუ საქმე დაიწყება, შეიძლება ახალი გზებიც გამოჩნდეს”, – დასძინა პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)