სააკაშვილი არ აპირებს პროკურატურისთვის ჩვენებების მიცემას

(თბილისი, 14 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს პროკურატურისთვის ჩვენებების მიცემას 3 ივნისს პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური ძალების მიერ ჩატარებულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით.

“პროკურატურამ უკვე მეოთხე უწყება გამომიგზავნა, მაგრამ მე არ ვაპირებ ჩვენებების მიცემას, რადგან ეს უკანონობაა. ჩვენი ქვეყნის ზოგიერთი ხელმძღვანელისა და პრეზიდენტისგან განსხვავებით მე უკეთ ვიცი საქართველოს კანონმდებლობა, ამიტომ ამ უწყებას პროკურატურას უკან დავუბრუნებ”, – განაცხადა სააკაშვილმა თავის დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, იგი არ წავა ჩვენებების მისაცემად, როგორც ეს ზოგიერთმა მისმა მეგობარმა გააკეთა, რომლებიც როგორც ეტყობა უკეთ თანამშრომლობენ პროკურატურასთან.

როგორც ცნობილია, პროკურატურამ უკვე დაკითხა “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერი ზურაბ ჟვანია და “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე, რომლებმაც არ უარყვეს, რომ ისინი 3 ივნისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორები იყვნენ, რომლის მონაწილენიც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას და საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებას მოითხოვდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)