ნაციონალები საპროტესტო აქციას გეგმავენ პურის გაძვირების გამო
(თბილისი, 3 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – “ნაციონალური მოძრაობა” პურის გაძვირების წინააღმდეგ გამოდის და 5 ივლისს საქართველოს 20 რაიონში ნახევარსაათიანი გამაფრთხილებელი საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავენ.
“სხვა პროდუქტზე – თევზზე, ხიზილალაზე და სხვა რამეზე ფასის გაზრდას მოსახლეობა ვერ გაიგებდა, მაგრამ მაშინ როცა ეს ერთ-ერთ საარსებო პროდუქტზე ხდება, აღმაშფოთებელია”, – განაცხადა დღეს პრესკონფერენციაზე “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა კობა დავითაშვილმა.
პარტიის წევრის ვანო მერაბიშვილის თქმით, ამას ხალხი ვეღარ მოითმენს და ეს დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
პარტიის წევრები სამარცხვინოდ მიიჩნევენ იმას, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ასეთ მნიშვნელოვან ფაქტს ტელევიზიის საშუალებით იგებს.
“ჩვენი სამიზნე არის პრეზიდენტი და ამ ფაქტთან დაკავშირებით პასუხს მისგან ვითხოვთ და არა უბრალო მოხელესგან, მინისტრის ან სხვა პირისგან. მან უნდა დაარეგულიროს ქვეყანაში ვითარება”, – განაცხადა კობა დავითაშვილმა.
მისი ინფორმაციით, პურზე ფასმა ზოგ რაიონში 5 თეთრით მოიმატა, ხოლო თბილისში თუ იგივე დარჩა იკლო წინამ.
ნაციონალების გამაფრთხილებელი აქცია 5 ივლისს 12 საათზე დაიწყება, თბილისში კი მიმდინარე მოვლენების გაცნობის მიზნით სპეციალური პრესკონფერენცია გაიმართება. ნაციონალები წინასწარ უთვლიან ბოდიშს იმ მგზავრებს, რომლებიც აქციის გამო ნახევარი საათის განმავლობაში ვერ შეძლებენ ტრანსპორტით გადაადგილებას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)