“სამართლიანი არჩევნები” აშშ-ის მითითებებს მიესალმება
(თბილისი, 7 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” მიესალმება აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მიერ ქართული მხარისთვის გადაცემულ აშშ-ის ადმინისტრაციის რეკომენდაციებს მომავალი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე.
“”სამართლიან არჩევნებს” სურს ჯეიმს ბეიკერსა და სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოადგილეს ელიზაბეტ ჯონსს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადოს. ჩვენ ასევე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ აშშ-ის მიერ წარმოდგენილ ყველა რჩევას”, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ 6 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ მთავრობა და, “რაც მთავარია, ოპოზიცია მიაღწევენ შეთანხმებას” საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების თაობაზე.
აშშ-ის ადმინისტრაციის რეკომენდაციების თანახმად, საარჩევნო კომისიები, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისია, უნდა შედგებოდეს სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიების 5 წარმომადგენლისგან, ოპოზიციურმა პარტიებმა კი 9 წევრი უნდა წარადგინონ. ცსკო-ს თავჯდომარე ეუთო-ს მიერ უნდა დაინიშნოს, რომელიც, როგორც ბეიკერის მიერ დატოვებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ყველასთვის პატივსაცემი და აპოლიტიკური პიროვნება უნდა იყოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)