ბიუჯეტის კორექტირება 135 მლნ ლარით უნდა მოხდეს

(თბილისი, 9 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა რომან გოცირიძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიერ შემუშავებული დოკუმენტის შესახებ დღეს სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ ამ დოკუმეტის მიხედვით, ბიუჯეტის კორექტირება 135 მლნ ლარით უნდა მოხდეს, აქედან ხარჯვითი ნაწილი 95,5 მლნ ლარით შემცირდება.

ასევე მცირდება ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა სფეროს დაფინანსება, ყველაზე მეტი – 20 მლნ ლარი აკლდება ძალოვან სამინისტროებს. ადგილობრივ ბიუჯეტში ტრანსფერები 8 მლნ ლარით მცირდება. პრეზიდენტის საინვესტიციო ფონდს კი 5 მლნ ლარი ჩამოეჭრება.

რომან გოცირიძის ინფორმაციით, ეს ის ფონდია, საიდანაც ფინანსდება არჩევნების მიმდინარეობა. არჩევნების ჩასატარებლად 2 მლნ ლარია გათვალისწინებული.

“სავალუტო ფონდი უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო. საბიუჯეტო ოფისის ოპტიმისტური პროგნოზით, ბიუჯეტის სეკვესტრი წლის ბოლოს კიდევ 35 მლნ ლარით მოხდება, პესიმისტური პროგნოზით კი – 50 მლნ ლარით, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, საქართველომ უნდა შეძლოს ამ რეკომენდაციების მიხედვით მოქმედება. რაც შეეხება პარიზის კლუბის შეხვედრას, ის სექტემბრის ნაცვლად წლის ბოლოს გაიმართება.

დღეს სსფ-ს მიერ შემუშავებულ დოკუმეტს ხელი საქართევლოს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს. სსფ-ს დელეგაცია თბილისში ორი კვირის განმავლობაში მუშაობდა შესაბამის უწყებებთან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)