საპარლამენტო კომიტეტი თავდაცვის ფონდების შემცირების წინააღმდეგია
(თბილისი, 16 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა 16 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ თავდაცვის ფონდების შემდგომი შემცირება “საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეუქცევად ზარალს მიაყენებს”.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების თანახმად, საქართველოს მთავრობამ საბიუჯეტო ხარჯები უნდა შეამციროს.
დეპუტატ ირაკლი ბათიაშვილის თქმით, 2003 წლის პირველ ნახევარში თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დაფინანსებიდან 12 მილიონი ლარი დააკლდა და ხარჯების შემდგომი შემცირება დაუშვებელია.
“პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა, რომ იგი პასუხს არ აგებს იმ პროცესებზე, რომლებიც შესაძლოა განვითარდეს არმიაში ფინანსების შემდგომი ჩამოჭრის გამო”, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
ბათიაშვილმა კომიტეტის სახელით მოუწოდა პრეზიდენტს გაათავისუფლოს მაღალი რანგის ის ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც საბიუჯეტო დეფიციტზე არიან პასუხისმგებელნი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)