ჩეჩენი ლტოლვილები სამშობლოში დასაბრუნებლად უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ
(თბილისი, 10 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების ერთი ნაწილი ჩეჩნეთში რეპატრიაციის კატეგორიული წინააღმდეგია, ხოლო მეორე ნაწილი დაბრუნების შემთხვევაში უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.
ჩეჩენმა ლტოლვილებმა თავიანთი შეშფოთება შესაძლო რეპატრიაციის თაობაზე პანკისის ხეობაში რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრის დროს დააფიქსირეს.
“რუსეთი მზად არის თქვენთვის საცხოვრებელი პირობები უზრუნველყოს. ქართული მხარე დათანხმდა თბილისში გადაგიყვანოთ, ხოლო რუსული მხარე თვითმფრინავს გამოყოფს ჩეჩნეთში თქვენს დასაბრუნებლად”, – განუცხადა ლტოლვილებს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილემ იური ბრაჟნიკოვმა.
მისი თქმით, უსაფრთხოების პირობები გაუმჯობესდა ჩეჩნეთში. თუმცა, ლტოლვილებმა გაიხსენეს უკანასკნელი ტერორისტული თავდასხმები ჩეჩნეთში და ეჭვი გამოთქვეს უსაფრთხოების პირობების თაობაზე.
რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ რეპატრიაცია ეტაპობრივად განხორციელდება.
ჩეჩენ ლტოლვილებთან შეხვედრამდე რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებები გამართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ კობა ნარჩემაშვილთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)