ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციის საკითხზე მომუშავე რუსეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში
(თბილისი, 10 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს რუსეთის დელეგაცია რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილის იური ბრაჟნიკოვის მეთაურობით პანკისის ხეობაში გაემგზავრა იქ მცხოვრებ ჩეჩენ ლტოლვილებთან შესახვედრად. დელეგაცია თბილისში გუშინ ჩამოვიდა პანკისში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების ჩეჩნეთში რეპატრიაციის თაობაზე საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებებისთვის.
“ჩვენ ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციასთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ საკითხებს განვიხილავთ”, – განუცხადა იური ბრაჟნიკოვმა ჟურნალისტებს თბილისში ჩამოსვლისას.
ჩეჩენი ლტოლვილები სიფრთხილით ეკიდებიან რეპატრიაციის საკითხს და აცხადებენ, რომ უსაფრთხოების პირობები კვლავ არასაიმედოა ჩეჩნეთში და მოითხოვენ მესამე ქვეყანაში გადაყვანას.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ქართული მხარე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება ჩეჩნების რეპატრიაციას, თუ რუსეთის ხელისუფლება მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)