პრეზიდენტი ოპოზიციას კვლავ თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
(თბილისი, 9 ივნისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ოპოზიციის მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციებს მოსახლეობის მიერ მათი აღქმის კუთხით აფასებს და არა საკუთარი. მისი თქმით, იგი ეყრდნობა საზოგადოებრივი კვლევის შედეგებს და აცხადებს, საზოგადოება აქციებს მწვავე შეფასებას აძლევს.
“საზოგადოების 42% მიიჩნევს, რომ აქციების გამართვა საშიშ ზღვარს აღწევს, 77% ფიქრობს, რომ სიტუაცია არჩევნებამდე კიდევ უფრო გამწვავდება, 80% კი – ყველაფერი ქაოსსა და სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზრდება. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ვეცადოთ მოსახლეობას მოვუხსნათ შიში, ვინაიდან ასეთ ნევროზული დაძაბულობის დროს არჩევნების ნორმალურად ჩატარება გამორიცხულია”, – განაცხადა დღევანდელ რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ.
მისი თქმით, არჩევნების ნებისმიერი ფორმით გადადება ან თითიდან გამოწოვილი საგანგებო სიტუაციის გამოცხადება მართებული არ იქნება, ვინაიდან 2 ნოემბრის არჩევნებს მსოფლიოს დიდი ქვეყნები ადევნებენ თვალს, რადგან ეს გადამწყვეტი იქნება მათთან საქართველოს შემდგომი თანამშრომლობისთვის.
პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოპოზიციას მოლაპარაკების გზით საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით კონსესუსის მიღწევისკენ და მშვიდობიან ვითარებაში არჩევნების ჩატარებსკენ.
იგი მზად არის პირადად შეხვდეს ოპონენტებს ამ საკითხების შესათანხმებლად. ამის მიუხედავად იგი ეჭვობს, რომ ოპოზიციის შიგნითაც არ არსებობს თანხმობა საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში. ასევე პრეზიდენტის გაკვირვებას იწვევს, რატომ არ ეხმაურებიან ოპონენტები მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას ამომრჩევლების მოსყიდვის შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.
პრეზიდენტი ყველას მოუწოდებს, ნუ გახდიან არჩევნებს სიტუაციის დაძაბვის საბაბად და აცხადებს, რომ არჩევნები 2 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციები ზაფხულის პერიოდიდან აწარმოებენ დაკვირვებებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)