სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლები სისტემის გათიშვით იმუქრებიან
(თბილისი, 27 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” თანამშრომლები გაფიცვით და ენერგოსისტემის გათიშვით იმუქრებიან, თუ უმოკლეს დროში არ მოხდება მათთვის ხელფასების გაცემა. ენერგეტიკოსთა საზოგადოების თავმჯდომარის მირონ ფირცხელანის ინფორმაციით, გასაცემია 18 თვეზე მეტი ხნის ხელფასი.
“ჩვენი მოთხოვნა ერთადერთია – შეწდეს თანხების უკანონოდ დატაცება და მოგვცენ კუთვნილი ხელფასები. ეს შესაძლებელი იქნება მაშინ თუ ელექტროენერგია მიეწოდება მხოლოდ გადამხდელუნარიან ობიექტებს და ეს თანხები ჩვენს ანგარიშზე გადმოირიცხება”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მირონ ფირცხელანმა.
ფირცხელანის თქმით, ენერგეტიკოსები ასევე ამ საქმეში ადანაშაულებენ ელექტროსისტემის ახალ მფლობელს ირლანდიულ კომპანია “ეს-ბი-აი”-ს ხელმძღვანელებს, რომლებსაც ახლახანს გადაეცათ “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მართვის უფლებები და რომლებსაც ხელშეკრულების მიხედვით უნდა დაეფარათ სახელფასო დავალიანება უნდა დაეფარათ.
დღესვე კომპანიის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. კომპანია ამ ვალდებულების შესასრულებლად გარკვეულ დროს ითხოვს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)