საპროტესტო აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან

(თბილისი, 5 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს საპროტესტო აქცია გამართა სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ. პარტიის წევრები და მათი მომხრეები მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.

“ხელისულებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს ელექტროენერგიით და ბუნებრივი აირით, რომ არ იყოს მუდმივი შიში გაზის შეწყვეტისა და შუქის ჩაქრობისა”, – აცხადებდნენ დღეს აქციის დროს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. დღევანდელ აქციას მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, ეს გამაფრთხილებელი აქცია იყო და თუ სიტუაცია არ გამოსწორდება უფრო ფართომასშტაბიან აქციებს მოაწყობენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)