დასავლელი დიპლომატები დემოკრატიულ არჩევნებს მოითხოვენ

დასავლეთის ქვეყნების დიპლომატები საქართველოს პრეზიდენტს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ, თუმცა დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკურ სპექტრში საარჩევნო სისტემის რეფორმირების ნების არარსებობა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას საფრთხეს უქმნის.

1 მაისს პრეზიდენტ შევარდნაძეს საქართველოში აკრედიტირებული უცხოეთის ქვეყნების ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვდნენ, სადაც საქართველოს საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხი განიხილეს.

დასავლელმა დიპლომატებმა საქართველოს ხელისუფლების წინაშე სამი ძირითადი ამოცანა დააყენეს, რომლის შესრულება სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს. ესენია: ამომრჩეველთა ზუსტი სიების დადგენა, ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხის გადაწყვეტა და მოქალაქეებისთვის თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალების მიცემა.

“ჩვენ “მესიჯი” საქართველოს ხელისუფლებისადმი არის – უზრუნველყოს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება”, –  განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში დებორა ჯონსმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

“საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარების გარანტი, რაც იქნება დემოკრატიისაკენ წინ გადადგმული ნაბიჯი კიდევ ერთი”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა.

აღსანიშნავია, რომ ელჩების შეხვედრა პრეზიდენტთან გაიმართა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი 29 აპრილს ოპოზიციური პარტია “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერს, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ ჟვანიას შეხვდა. შეხვედრაზე ჟვანიამ შეშფოთება გამოთქვა იმ “არადემოკრატიული გადაწყვეტილებების” გამო, რომლებსაც ხელისუფლება წინასაარჩევნოდ იღებს.

ჟვანიამ განსაკუთრებული ყურადღება პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესზე გაამახვილა, რომლის განხორციელების შემთხვევაში პრეზიდენტი არჩევნების დროს ამ უმნიშვნელოვანეს ორგანოზე, პრაქტიკულად, ერთპიროვნულ კონტროლს აწესებს.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები მზადყოფნას გამოთქვამენ აღმოუჩინონ საქართველოს ყველანაირი დახმარება, რათა საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდეს. დიპლომატებმა და საქართველოს დონორმა ორგანიზაციებმა შექმნეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს.

თუმცა, როგორც ადგილობრივი ექსპერტები აცხადებენ, ქართველი პოლიტიკოსების ნების გარეშე ვერანაირი უცხოური დახმარება, თუ ზეწოლა ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

“ელჩებმა პრეზიდენტ შევარდნაძეს დიპლომატიური, მაგრამ ძალზედ მკაფიო მესიჯი გაუგზავნეს: ისინი არ დახუჭავენ თვალს არჩევნების მასიურ გაყალბებაზე. ისევე, როგორც საქართველოსთვის, დასავლეთისთვის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები დიდ მნიშვნელობას იძენს,” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა ნუგზარ კუპრეიშვილმა.

მისი თქმით, დასავლეთის “ზეწოლის” მიუხედავად, მაინც ნაკლები შანსია იმისა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება. “მე ვერ ვხედავ პოლიტიკურ ნებას საქართველოში ვერცერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან, რათა შეიცვალოს არსებული საარჩევნო სისტემა,” – აცხადებს კუპრეიშვილი.

ექსპერტთა ერთი ნაწილი აღნიშნავს, რომ წამყვანი პოლიტიკური პარტიები, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური, არ არიან დაინტერესებულნი მოქმედი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლით.

როგორც ცნობილია, რამდენიმე წამყვანი ოპოზიციური პარტია (მათ შორის “გაერთიანებული დემოკრატები,” “ნაციონალური მოძრაობა”) სულ რამდენიმე წლის წინ პარლამენტში ამჟამად სახელისუფლებო პარტიის “მოქალაქეთა კავშირის” სიებით მოხვდნენ, ამჟამინდელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დიდი ხელშეწყობით. დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ამ ოპოზიციურ პარტიებს ამჟამინდელ ცსკო-ზე გარკვეული გავლენა ახლაც აქვთ.

“რა უშლის ხელს ახალი ცსკო-ს დაკომპლექტებას ხელს, მით უმეტეს, რომ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ძალა აცხადებს – ცსკო უნდა შეიცვალოს. არც არაფერი! უბრალოდ, არ არსებობს პოლიტიკური ნება. ხელისუფლება კი აშკარად დროს წელავს, რადგან იგივე მეთოდებით, ანუ გაყალბებით სურს მომავალ პარლამენტში ადგილების მოპოვება,” – აცხადებს ნუგზარ კუპრეიშვილი.

საარჩევნო რეფორმის განხორციელებისადმი დამკვირვებლების სკეპტიციზმს პარლამენტში მიმდინარე პროცესებიც ამყარებენ. დეპუტატებმა შექმნეს ე.წ. “შემთანხმებელი ჯგუფი,” რომელიც ცსკო-ს დაკომპლექტების წესის ოპოზიციისა და ხელისუფლების ვარიანტების შეჯერებაზე მუშაობას. ამ ჯგუფმა ერთი შეჯერებული ვარიანტი მომავალ კვირას პარლამენტს უნდა წარუდგინოს განსახილველად, თუმცა დღემდე ჯგუფმა შეთანხმებას ვერ მიაღწია.

გიორგი სეპაშვილი, სივილ ჯორჯია

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)