ნატოს დელეგაციამ პანკისი მოინახულა
(თბილისი, 28 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია 27 აპრილს პანკისის ხეობას ეწვია და იქ შექმნილ სიტუაციას გაეცნო.
“ჩვენ გვინდოდა გავცნობოდით თუ რა საფრთხე ემუქრება რეგიონს ამ ხეობიდან. აქ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, რითიც ძლიერ კმაყოფილები დავრჩით,” განუცხადა პანკისში ჟურნალისტებს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ მარკუს მეკელმა.
ნატოს დელეგაციამ პანკიში განთავსებული შინაგანი ჯარების რამოდენიმე საგუშაგო მოინახულა და შეხვედრა გამართა ადგილობრივ მოსახლეობასთან და ჩეჩენ ლტოლვილებთან.
ჩეჩენმა ლტოლვილებმა დელეგაციას განუცხადეს, რომ ისინი მესამე ქვეყანაში გადასახლებას მოითხოვენ, რადგან მათ პანკისში არ აქვთ საკმარისი მედიკამენტები, ხოლო მათი შვილები სრულიად მოკლებულნი არიან განათლებას.
ლტოლვილებმა ასევე შეშფოთება და უკმაყოფილება გამოთქვეს შინაგანი ჯარების მიერ ე.წ. წმენდითი ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებით.
დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს შინაგან საქმეთა მინისტრთან კობა ნარჩემაშვილთან და ნატოში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელთან გიორგი ბარამიძესთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)